„ოცნება“ და მისი მომხრეები, რამდენიმე დღეა, გახარიას პარტიისა და "ლელოს" გაერთიანების შესაძლებლობაზე ბრალდებებისა და ლანძღვის თანხლებით ლაპარაკობენ.
„როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – რომ ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები – რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ“, – უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, 17 ივნისს.
„ოცნებამ“ და მისმა მომხრეებმა გაიხსენეს ლამის ყველა სახელი თუ ეპითეტი, რაც კი ხაზარაძესა და გახარიას ოდესმე ერთმანეთისთვის უწოდებიათ. ამით, ერთი მხრივ, ხაზს უსვამენ მათ დაპირისპირებას; ხოლო მეორე მხრივ, ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური პარტიები აქამდეც თანამშრომლობდნენ.
ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა ილაპარაკა და ეს თემა პროსახელისუფლებო მედიის საგანგებო ინტერესებშიც მოექცა. „თაღლითი“, „თვალთხარია“, – იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეპითეტებს წარსულიდან და ახალ იარლიყებსაც უმატებენ.
აქაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითზე, გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე – ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან, რომ გაერთიანდნენ“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ამავე საუბარში „გლობალური ომის პარტიას“ იხსენებს.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უკვე თითქმის ნახევარი წელია არ ჩატარებულა. მანამდე ჩატარებული კვლევებით, პარტიებს „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივა აქვთ.